Tuesday, March 29, 2011

ანეკდოტი - ბიზნეს-კონსულტანტი

ყაზახეთის მთებში ადგილობრივი მეცხვარე თავის დიდ ფარას აძოვებს.

შორიდან დაინახა, როგორ შემოვიდა მდელოზე უახლესი მოდელის Range Rover. მანქანა ფარას მიუახლოვდა და გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა ძალიან ძვირფას კოსტიუმში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი და მეცხვარეს გამოელაპარაკა.
- მე შემიძლია გითხრა, რამდენი ცხვარია შენს ფარაში. გასამრჯელოდ კი ერთი ცხვარი მინდა.
- თანახმა ვარ - უთხრა მეცხვარემ.

ახალგაზრდამ მანქანიდან დიდძალი ტექნიკა გადმოტვირთა. კომპიუტერით დაუკავშირდა სატელიტს, გადაიღო ფარის სურათები კოსმოსიდან. გადაიტანა გრაფიკული ანალიზის რთულ სისტემაში და ორი საათის დატვირთული მუშაობის შემდეგ თქვა
- ფარაში 1596 ცხვარია
- სწორია, აგერ მიიღე შენი გასამრჯელო - მიუგო მეცხვარემ
ახალგაზრდამ საბარგულში ჩატვირთა გასამრჯელო, მადლობა გადაუხადა მეცხვარეს და წასვლა დააპირა.

- მოიცადე ერთ წუთს - უთხრა მეცხვარემ - მეც მაქვს შენთან საქმიანი წინადადება. მე გამოვიცნობ შენს პროფესიას და რაც გადაგიხადე, დამიბრუნე.
- თანახმა ვარ - უთხრა ახალგაზრდამ
- შენ ხარ ბიზნესის მართვის საერთაშორისო კონსულტანტი - უთხრა მეცხვარემ.
ახალგაზრდას ძალიან გაუკვირდა:
- მართალი ხარ! როგორ მიხვდი?
- ჯერ ერთი, არავის უთხოვია, მაგრამ მაინც მოხვედი - უთხრა მეცხვარემ,
- მეორე - გასამრჯელო გამომართვი იმის თქმაში, რაც ისედაც ვიცოდი
- და მესამე - საკითხში საერთოდ ვერ ერკვევი!
- ახლა, თუ შეიძლება, ჩემი ძაღლი დამიბრუნე!

No comments:

Post a Comment