Thursday, March 31, 2011

ანეკდოტი - თოვლის ბაბუა

პატარა გოგო და ბიჭი აკეთებენ თოვლის ბაბუას.
ბიჭი ამბობს:
- წავალ, სტაფილოს მოვიტან - და მიდის.
გოგო გასძახებს:
- მეორე სტაფილოც წამოიღე, ცხვირიც გავუკეთოთ!

ანეკდოტი - ახალი რუსის სპილო

ორი ახალი რუსი შეხვდა ერთმანეთს. მოიკითხეს
- რას შვრები, როგორა ხარ? - ჰკითხა პირველმა
- გადასარევად, ისეთი გახალისებული ვარ, რომ მეტი არ შეიძლება - უპასუხა მეორემ
- რამ გაგახალისა? რა ხდება?
- რა და სპილო შევუკვეთე ინდოეთიდან და სახლში მყავს.
- მართლა? მერე როგორია?
- გადასარევი! ისეთი ხალისიანია, მთელი დღე ბავშვებს ეთამაშება, ზურგით დაატარებს. ისეთი სასაცილო ხასიათი აქვს. ყველა მეზობელს შეუყვარდა და სახლში მისვლაც მიხარია!
- ვააა... რა მაგარია?! იქნებ, მომყიდო.
- ვერა, მეგობარო, ასეთ შენაძენს ვერ დაგითმობ.
- ხომ იცი, ფასსზე უკან არ დავიხევ?! თან, ახლა ზუსტად, მეუღლის დაბადების დღე ახლოვდება და ჩამოყვანას ვერ მოვასწრებ.
შეთანხმდნენ სოლიდურ თანხაზე და სპილომაც გადაინაცვლა ახალ პატრონთან. ერთი თვის შემდეგ ისევ ხვდებიან. პირველი ეკითხება:
- რას შვრება სპილო? როგორაა?
- სპილო არ მიხსენო! საშინელ დღეში ვართ! მთელი სახლი დაანგრია! მეზობლები ვერ იძინებენ! ყოველ მეორე დღეს პოლიცია გვყავს სახლში! მთელი სახლი მაგის ქაქებშია ამოსვრილი და ვეღარ ვჩერდებით! არ ვიცი, რა უნდა ვქნა?!
- არა, ძმაო, ასეთი განწყობით შენ მაგ სპილოს ვერ გაყიდი!

ანეკდოტი - ხანძარი საავადმყოფოში

საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. მთელი პერსონალი გამოვიდა და აღელვებულები გარედან აკვირდებიან.

მოცვივდნენ მეხანძრეები და შეიჭრნენ აგიზგიზებულ საავადმყოფოში.

ორი საათის შემდეგ ხანზარი დაძლეულია. გამოდის მეხანძრეების ოცმეთაური და კითხულობს მთავარ ექიმს. მიანიშნეს გაფითრებულ ჭაღარა კაცზე.

მეხანძრე მთავარ ექიმთან მივიდა და დამწუხრებულმა უთხრა:
- ცუდი ამბები გვაქვს, ბატონო
- რაშია საქმე? - დაინტერესდა მთავარი ექიმი
- სარდაფში სამი ავადმყოფი იყო. ორი გადავარჩინეთ, მაგრამ ერთი - ვერაფრით!
მთავარ ექიმს გული წაუვიდა. გაკვირვებული მეხანძრე დაინტერესდა:
- რა გულიანია?! როგორ განიცადა პაციენტის დაღუპვა?!
- საქმე ისაა - ჩუმად მიმართა იქვე მდგომმა ექიმმა - რომ სარდაფში მორგი გვქონდა განთავსებული.

Tuesday, March 29, 2011

ანეკდოტი - ბიზნეს-კონსულტანტი

ყაზახეთის მთებში ადგილობრივი მეცხვარე თავის დიდ ფარას აძოვებს.

შორიდან დაინახა, როგორ შემოვიდა მდელოზე უახლესი მოდელის Range Rover. მანქანა ფარას მიუახლოვდა და გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა ძალიან ძვირფას კოსტიუმში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი და მეცხვარეს გამოელაპარაკა.
- მე შემიძლია გითხრა, რამდენი ცხვარია შენს ფარაში. გასამრჯელოდ კი ერთი ცხვარი მინდა.
- თანახმა ვარ - უთხრა მეცხვარემ.

ახალგაზრდამ მანქანიდან დიდძალი ტექნიკა გადმოტვირთა. კომპიუტერით დაუკავშირდა სატელიტს, გადაიღო ფარის სურათები კოსმოსიდან. გადაიტანა გრაფიკული ანალიზის რთულ სისტემაში და ორი საათის დატვირთული მუშაობის შემდეგ თქვა
- ფარაში 1596 ცხვარია
- სწორია, აგერ მიიღე შენი გასამრჯელო - მიუგო მეცხვარემ
ახალგაზრდამ საბარგულში ჩატვირთა გასამრჯელო, მადლობა გადაუხადა მეცხვარეს და წასვლა დააპირა.

- მოიცადე ერთ წუთს - უთხრა მეცხვარემ - მეც მაქვს შენთან საქმიანი წინადადება. მე გამოვიცნობ შენს პროფესიას და რაც გადაგიხადე, დამიბრუნე.
- თანახმა ვარ - უთხრა ახალგაზრდამ
- შენ ხარ ბიზნესის მართვის საერთაშორისო კონსულტანტი - უთხრა მეცხვარემ.
ახალგაზრდას ძალიან გაუკვირდა:
- მართალი ხარ! როგორ მიხვდი?
- ჯერ ერთი, არავის უთხოვია, მაგრამ მაინც მოხვედი - უთხრა მეცხვარემ,
- მეორე - გასამრჯელო გამომართვი იმის თქმაში, რაც ისედაც ვიცოდი
- და მესამე - საკითხში საერთოდ ვერ ერკვევი!
- ახლა, თუ შეიძლება, ჩემი ძაღლი დამიბრუნე!

Wednesday, March 16, 2011

ანეკდოტი - გამოპრანჭული ქალბატონი

ქალს ფეხზე თათა ვარდანაშვილმა ჩააცვა...

ტანზე - ავთო ცქვიტინიძემ...

და ქეც დაახურა სახლში თავზე ქმარმა!

ანეკდოტი - მოხალისე პენსიონერი მეხანძრეები

ამერიკის პატარა ქალაქის მახლობლად, ქიმიურ ქარხანაში, გაჩნდა ხანძარი. მთელი შტატის სახანძრო მობილიზებულია, მაგრამ, ისეთი ძლიერი ხანძარია, ვერავინ ბედავს ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას. მოდის ახალ-ახალი სახანძრო რაზმები, მაგრამ ყველა შესასვლელთან ჩერდება.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავს ქარხნის დირექტორი:
- ძვირფასო მეხანძრეებო, ქარხნის ტერიტორიის შუაში მდგომ ადმინისტრაციულ შენობაში ინახება ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი დოკუმენტაცია. ქარხანას არ ვჩივით , მაგრამ, ვინც ამ დოკუმენტაციას გამოიტანს, მიიღებს ჯილდოს $50,000 ოდენობით.

განცხადებას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ყველას ეშინია შესვლა.
ცოტა ხანში დირექტორმა ჯილდო $100,000-მდე გაზარდა, მაგრამ უშედეგოდ...

როდესაც სიტუაციიგან გამოსავალი აღარ სჩანდა, გამოჩნდა კიდევ ერთი, ძველი სახანძრო მანქანა. საქმე ისაა, რომ იმ ქალაქში ყოფილმა პენსიონერმა მეხანძრეებმა ჩამოაყალიბეს მოხალისე პენსიონერი მეხანძრეების რაზმი.

მოხალისეების ძველმა მანქანამ ჩაუქროლა ყველა ახალთახალ სახანძროს, შეანგრია ქარხნის ჭიშკარი და "შეიჭრა" ქარხნის (და ხანძრის) შუაგულში. გადმოხტნენ მეხანძრე ბაბუები და დაიწყეს გაცხოველებულ ბრძოლა ხანძართან. მთელი საზოგადოება განცვიფრებული უყურებს მათ სიმამაცეს.

2 საათის შემდეგ ხანძარი დაძლეულია და ფასეული დოკუმენტებიც გადარჩა.

ქარხნის დირექტორი, კიდევ ერთხელ, სიტყვით მიმართავს შეკრებილ პოლიციას, ჟურნალისტებს და მეხანძრეებს:
- ასეთი სიმამაცე არც მინახავს და არც მსმენია! საოცრებაა! ჩვენ გადავწყვიტეთ $200,000-იანი ჯილდო გადავცეთ მოხალისე პენსიონერ მეხანძრეებს.

დიდი აპლოდისმენტებისა და მილოცვების შემდეგ, ჟურნალისტი ინტერვიუს სთხოვს მოხელისე მეხანძრეების მეთაურს:
- რაში დახარჯავთ მიღებულ ჯილდოს - დაუსვა პირველი შეკითხვა
- ნუ... პირველ რიგში ამ ჩვენი სახანძრო მანქანის მუხრუჭებს შევაკეთებთ...